English / ქართული / русский /
ნუნუ აჩუაშვილისესე ხატიაშვილი
მწვანე ბიზნესი მწვანე ეკონომიკის მიღწევის მნიშვნელოვანი ელემენტი

შესავალი

ტერმინი „მწვანე ეკონომიკა“ პირველად 1972 წელს გაჩნდა, მისი მიზანი კი ადამიანის კეთილდღეობა და მისი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ამოწურვადი რესურსების დიდი რაოდენობით ხარჯვა  დროთა განმავლობაში მდგრადი განვითარების მიღწევას შეუძლებელს გახდიდა. უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდა მწვანე ეკონომიკის განვითარება, რაც პირველ რიგში აისახება მწვანე ბიზნესის განვითარებაში, რადგან ამოწურვადი რესურსების ხარჯვის უდიდესი პროცენტი სწორედ ბიზნესზე მოდის.

***

   XXI საუკუნის უმთავრესი ამოცანაა ადამიანის კეთილდღეობის ამაღლება. იგი მიიღწევა ეკონომიკის აყვავებით, სამართლიანი და მდგრადი განვითარებით. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ყველა ქვეყანამ ეკონომიკის განვითარებაში ორიენტაცია ადამიანების მოთხოვნილებების ეფექტიანი დაკმაყოფილებისაკენ მიმართოს, აღიაროს სოციალური განვითარების აუცილებლობა და შეიმუშაოს მისდამი უფრო ეფექტიანი მიდგომა თანამედროვეობის ყველაზე მწვავე პრობლემის - სიღარიბის დაძლევისათვის.

   სოციალური ორიენტაციის ეკონომიკის ქვეყნები მიზნად ისახავენ მოსახლეობის ძირითადი მასის ცხოვრების დონის ამაღლებას და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობას. მსოფლიოში სოციალური ორიენტაციის ეკონომიკის რამდენიმე მოდელს გამოყოფენ.

   სოციალური ორიენტაციის ეკონომიკის ეფექტიანი ფუნქციონირება განპირობებულია მრავალი ფაქტორით, რომლებიც გლობალური პროცესების შედეგად ჩამოყალიბდა. კერძოდ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ჰუმანიზაცია; სიღარიბის და კრიმინალის შეჩერება; შრომის უსაფრთხოების დაცვა; ეკოლოგიური პროცესების გაჯანსაღება და სხვა.

   დღეისათვის ეკოლოგიური პრობლემების დაძლევისა და გარე გარემოს გაჯანსაღებისათვის, რაც სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკის მიზანს წარმოადგენს, განსაკუთრებული მნიშვნელობა მწვანე ეკონომიკას ენიჭება.

   მწვანე ეკონომიკა არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ის მოდელი, რომელიც ეკოლოგიურ პრობლემებს და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საფრთხეებს ამცირებს. მისი მიზანია ეკონომიკის მდგრადი განვითარება და გარემოზე უარყოფითი გავლენის მაქსიმალური შემცირება. სუვერენული სახელმწიფოების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ეროვნული ეკონომიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელთან მიმართებაში აქტიურად განიხილება ეკონომიკის მდგრადი განვითარება.

   ეკონომიკის მდგრადი განვითარება უზრუნველყოფს ადამიანთა დღევანდელი და მომავალი თაობების მოთხოვნილებების მაქსიმალურ დაკმაყოფილებას. ამ ამოცანის შესრულებაში აუცილებელია სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ბუნებრივი რესურსების და გარემოს რაციონალურ გამოყენებას ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით.

   ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის სწორად განსაზღვრისათვის საჭიროა: ეკონომიკის, ბუნების და ადამიანის ურთიერთდამოკიდებულების  მრავალმხრივი მახასიათებლების გათვალისწინება. შეუსაბამობა ადამიანის მზარდ მოთხოვნილებებსა და არსებულ რესურსებს შორის ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკის შეუფერხებელ ფუნქციონირებას. საბაზრო ეკონომიკის უმთავრესი მამოძრავებელი მოტივაცია არის ეკონომიკის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისაკენ სწრაფვა. ეს საკითხები კი ეკონომიკის პოტენციალის, ბიოსფეროს და ადამიანის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ბუნებრივი საფუძვლების მოშლას უწყობს ხელს.

   ასეთი გარემოება აუცილებელს ხდის, ქვეყნის ეკონომიკა მდგრადი განვითარების რელსებზე გადავიდეს. სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, გარემოს დაცვის შესაბამისად განსაზღვროს თავისი რესურსები.

   მწვანე ეკონომიკა მჭიდრო კავშირშია ეკოლოგიურ ეკონომიკასთან და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებით აერთიანებს: გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს. მწვანე ეკონომიკა შემდეგ სექტორებს  მოიცავს: სუფთა ტრანსპორტი; განახლებადი ენერგია; წყლის მენეჯმენტი; მწვანე შენობები; ნარჩენების მენეჯმენტი;  მიწის მენეჯმენტი.

   იმისათვის, რომ დაინერგოს მწვანე ეკონომიკა, უნდა მოხდეს წარმოების და მოხმარების მოდელების ცვლილება. მის მისაღწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მწვანე ბიზნესი. მწვანე ბიზნესი გარემოს დაცვით ქმნის საქონელს და მომსახურებას. ისევე, როგორც ბიზნესის ყველა სახე, იგი, ჩვეულებრივ,  ორიენტირებულია მოგების მაქსიმიზაციისაკენ. მისი უპირატესობებია თანამედროვე მეთოდების თანმიმდევრული და მდგრადი დანერგვა, მეტი ცოდნა, ინფორმაცია და დაგეგმვის საშუალებების გამოყენება.

   მწვანე ბიზნესად მიიჩნევა ისეთი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს გარემოსდაცვით მოთხოვნებს და მიზნად ისახავს მათ შესრულებას, ხელს უწყობს დასაქმებულებს, მიიღონ გარემოს დაცვის და ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება.

   2009 წელს გაეროს მიერ გამოცხადდა ახალი გლობალური მწვანე შეთანხმების (G.G.N.D.) კონცეფცია, რომლის ამოცანებია:

   1.მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის, სამუშაო ადგილების შექმნის და დაუცველი ჯგუფების სოციალური დაცვის საკითხებში წვლილის შეტანა;

   2.ხელი შეუწყოს ინკლუზიურ და მდგრად ზრდას;

   3.შეამციროს ნახშირბადზე დამოკიდებულება და ეკოსისტემის დეგრადაცია.

   აღნიშნული  გლობალური შეთანხმება რეკომენდაციას უწევს სახელმწიფოებს, მოახდინონ ეკონომიკის ტრანსფორმაცია მწვანე ეკონომიკისაკენ. ითვალისწინებს რა  აღნიშნულ ამოცანებს, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მწვანე ეკონომიკურ განვითარებას.

   კომპანიებმა, რომლებიც გარემოს დაცვაზე არიან ორიენტირებულნი, უნდა უზრუნველყონ: ჯანსაღი გარემო ოფისში, ნაკლები ქაღალდის გამოყენება (მაკულატურის შეგროვება სპეციალურ ყუთებში), ელექტროენერგიის დაზოგვა, ნარჩენების გადამუშავება, წყლის დაზოგვა, ატმოსფერული ჰაერის დაცვა.

კომპანიებმა, რომლებიც ბიზნესსაქმიანობას ახორციელებენ მწვანე ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად, გარე გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად, საჭიროა თავიანთი საქმიანობა წარმართონ შემდეგი თანმიმდევრული ეტაპების დაცვით:

1.გარემოსდაცვითი პრობლემის იდენტიფიცირება;

2.სამეცნიერო ინფორმაციის შეგროვება;

3.პრობლემის გადაჭრის ორი ან მეტი გზის წამოყენება;

4.ყველა შემოთავაზებული გზის დადებითი და უარყოფითი გარემოსდაცვითი და ეკონომიკური მხარეების პროგნოზირება მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში;

5.შედეგის მიღების გზის არჩევა და განხორციელება;

6.შედეგების შეფასება;

7.საჭიროების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა.

გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები მრავალმხრივია. კომპანიები, რომლებიც მწვანე ბიზნესის მოთხოვნებით იმართებიან, პრობლემის გადაჭრისას ეძებენ მისაღებ გადაწყვეტილებებს გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ, რომლებიც ხშირად აისახება ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ ან საერთაშორისო სტრატეგიების მოქმედების გეგმებში.

ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ატმოსფეროს ჰაერის სისუფთავეს. ჰაერის დაბინძურება რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე ვრცელდება. ატმოსფეროს ძლიერ აზიანებს შავი და ფერადი მეტალურგიის, ქიმიური მრეწველობის საწარმოები, რომლებიც გამოყოფენ სხვადასხვა ნივთიერებებს

თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში ტრანსპორტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დიდია მისი როლი ეკონომიკური და, ამავე დროს, ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის თალსაზრისით. საქართველოში ატმოსფერული  ჰაერის გაჭუჭყიანებაში მნიშვნელოვანი წილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მოდის, რაც მოითხოვს შიგაწვის ძრავის სრულყოფას, ბენზინის ხარისხის გაუმჯობესებას, ელექტრომობილების გამოყენებას და სხვა.

სტაციონარულ წყაროებში წარმოქმნილი მავნე ნივთიერებების დაჭერა და ატმოსფეროში გაფრქვევა (ათასი ტონა) მოცემულია ცხრილში.

 

ცხრილი #1 

 

2017 წელი

წარმოქმნილი

დაჭერილი

გაფრქვეული

მავნე ნივთიერებები

831,2

784,7

46,5

მყარი

787,6

779,6

7,9

აირადი და თხევადი

43,7

5,1

38,6

გოგირდოვანი ანჰიდრიდები

6,3

0,2

6,1

ნახშირორჟანგი

19,3

2,9

16,5

აზოტის ჟანგი

6,4

1,0

5,5

ნახშირწყალბადი

1,9

0,0

1,9

დანაჩენი

9,7

1,1

8,6

 

ცხრილში წარმოდგენილი მონაცემებიდან ჩანს:  მიუხედავად იმისა, რომ ხდება მავნე გამონაბოლქვის იზოლირება, მაინც მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება ატმოსფეროში. ჰაერის დაბინძურებით საქართველოში გამოირჩევა დედაქალაქი. 

დასკვნა

თანამედროვე ქალაქებში ეკოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელად უნდა მოხდეს ადაპტირება სოციალური და დემოგრაფიული ცვლილებების მიმართ. ადაპტირება არ მოიცავს მხოლოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, არამედ იგი ითვალისწინებს საცხოვრებელი ზონების სივრცით დაგეგმარებას, გამწვანებას, დაცულ ტერიტორიებს და ნაკრძალებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებულ ქსელებს, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ფენებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის. ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ საქმიანობებში განსაკუთრებული როლი სწორედ მწვანე ბიზნესს ენიჭება. 

გამოყენებული ლიტერეტურა

  1. ნ. ჭითანავა, ლარისა თალანკაძე, სოციალური ეკონომიკა, 2008.
  2. „მწვანე პოლიტიკა და გარემოს დაცვა“ _ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პუბლიკაცია.
  3. Geostat.ge
  4. ტრანსპორტი, გარემო და ჯანმრთელობა.

https://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=727fab03-a202-4c6e-b9bd-d431d5e755a9&language=en-US